2024 წლის 14 ივნისს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში, სამეცნიერო სიმპოზიუმის – „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“, უცხოელი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მონაწილეობით, მეორე პანელური დისკუსია გაიმართა.
მომხსენებლები იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან. მოხსენებები შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, პერსონალური მონაცემების დამუშავება, შშმ პირების უფლებები, მიგრანტებისა და ლტოლვილთა უფლებები, ძალადობა და ქალთა უფლებები. კერძოდ, ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი მოხსენებები:
1) დოქტორანტი გაბრიელ ნიცა (კლუჟ-ნაპოკას უნივერსიტეტი, რუმინეთი) და დოქტორანტი რაულ ფელიქს ჰოდოსი (ბუქარესტის ეკონომიკური კვლევების უნივერსიტეტი, რუმინეთი), თემა: „პერსონალური ფინანსური მონაცემების დამუშავების მოთხოვნები ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში“;
2) დოქტორანტი ანა ვლადიმეროვნა უბეიდულაევა (ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უზბეკეთი), თემა: „ადამიანის უფლებებისა და ეთიკური პრინციპების დაცვა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებისას კიბერუსაფრთხოებაში“;
3) დოქტორანტი დიეგო რობლედო, (კორდოვის ნაციონალური უნივერსიტეტი, არგენტინა), თემა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებზე არგენტინაში“;
4) დოქტორანტი სტეფანოს არვანიტაკისი (ლონდონის კინგს კოლეჯი, გაერთიანებული სამეფო), თემა: „ეშმაკსა და დიდ ლურჯ ზღვას შორის: ECHR-ისა და ICCPR-ის ექსტრატერიტორიული გამოყენების შედარება ზღვაზე მიგრანტებისა და ლტოლვილების დაცვაში“;
5) ასისტ.-პროფ., დოქტ. სეზაი ჩაგლაიანი, (საერთაშორისო საჯარო სამართლის ასისტენტ-პროფესორი, ონდოკუზ მაის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, სამსუნი/თურქეთი), თემა: „სტამბულის კონვენცია: სხვა რუბიკონის გადაკვეთა?“.
ღონისძიების ენა იყო ინგლისური. ღონისძიება ჩატარდა დისტანციურად, Zoom-ის აპლიკაციის გამოყენებით. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ, ხოლო, პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი ამირანაშვილი. ღონისძიებაზე ვირტუალურად დასწრება შესაძლებელი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პროექტის ქართველი მონაწილეები და სტუდენტები.